რუსეთის-ზოგიერთ

რუსეთის ზოგიერთ ოლქში ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტია კომუნისტებმა დაამარცხეს

რუსეთში 9 სექტემბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგებით, მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ გუბერნატორობის კანდიდატებმა პირველსავე ტურში გამარჯვება ვერ შეძლეს 22-დან ოთხ ოლქში. პრიმორსკის, ხაბაროვსკის, ხაკასიის და ვლადიმირის ოლქების გუბერნატორობისთვის ბრძოლაში „ედინაია როსიას“ წარმომადგენლები მეორე ტურში დაუპირისპირდებიან ლიბერალ-დემოკრატიული და კომუნისტური პარტიების კანდიდატებს. ამასთან, კომუნისტებმა რუსეთის მმართველი პარტია დაამარცხეს რეგიონული პარლამენტის არჩევნებში ირკუტსკის და ხაკასიის ოლქებში.

ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგებით, პირველსავე ტურში გაიმარჯვა მოსკოვის მოქმედმა მერმა, სერგეი სობიანინმა, რომელსაც ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 70%-მა. მეორე ადგილზე გავიდა კომუნისტი ვადიმ კუმინი ხმების 11,44%-ით. მოსკოვში ამომრჩევლთა აქტივობა 30,36% იყო. რუსეთის მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების, მათ შორის საპენსიო რეფორმის გამო საარჩევნო კამპანია რთული იყო, თუმცა, მმართველმა პარტიამ ღირსეული შედეგი აჩვენა.