ევროკავშირის 45 მილიონიანი დახმარება

ევროკავშირი
Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ევროკომისიამ ხელი მოაწერა საქართველოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს 45 მილიონამდე ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით. ფინანსური დახმარებას დაფარავს საქართველოს ფინანსური საჭიროებების ნაწილს და დაეხმარება ქვეყანას ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში.

მიუხედავად მნიშვნელოვანი წინსვლისა, საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ახდენს როგორც რეგიონული ეკონომიკური რისკები, ისე შიდა ეკონომიკური დისბალანსი. სწორედ ეს კონტექსტი დაედო საფუძვლად მაკროფინანსური დახმარების პროგრამას, რომელიც შემოთავაზებული იყო ევროკავშირის მხრიდან.
პიერ მოსკოვიჩმა, ეკონომიკური და ფინანსური, საგადასახადო და საბაჟო საკითხების კომისარმა, განაცხადა: “საქართველომ აიღო მტკიცე და გრძელვადიანი ეკონომიკური ვალდებულება, განახორციელოს რეფორმა, რომელსაც ევროკავშირი მუდმივად მხარს უჭერს და ხელს უწყობს. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება მოიცავს პოლიტიკის სფეროში აღებულ ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკას, გახდეს უფრო სტაბილური, ძლიერი და ინკლუზიურად მზარდი მოქალაქეების საკეთილდღეოდ.”
მაკროფინანსური დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს, დაეხმაროს ქვეყანას ფინანსური საჭიროებების ნაწილის დაფარვასა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში. ის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) საქართველოს პროგრამის თანმდევია.

10 მილიონამდე ევრო გაიცემა გრანტების სახით, დანარჩენი 35 მილიონი ევრო – საშუალოვადიანი სესხის სახით, ხელსაყრელი პირობებით.
დახმარება ორ ტრანშად გადანაწილდება. მათი გაცემა დამოკიდებული იქნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული, პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული პირობების შესრულებაზე. თანხების გადმორიცხვა, ასევე, დამოკიდებული იქნება იმ პოლიტიკური წინაპირობის შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს, რომ საქართველოში გაგრძელდეს ეფექტიანი დემოკრატიული მექანიზმების, მათ შორის, მრავალპარტიული საპარლამენტო სისტემის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის დაცვა. საბოლოო ჯამში, თანხების გადმორიცხვა სავალუტო ფონდის პროგრამის წარმატებით შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.

ურთიერთგაგების მემორანდუმში მოცემული პირობები რეფორმების სამთავრობო პროგრამაზეა დაფუძნებული და შეესაბამება რეფორმების იმ მიმართულებას, რომელსაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს. პოლიტიკის პირობები მიზნად ისახავს საჯარო ფინანსების მართვის, საფინანსო სექტორის, სოციალური და შრომის ბაზრის პოლიტიკის და ბიზნესის გარემოს სფეროებში საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას. საქართველოს მთავრობის მიერ აღებული რეფორმების კურსის მხარდაჭერით, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საფუძვლის შექმნაში.

შემდეგი ნაბიჯი მაკროფინანსური დახმარების პროგრამის განხორციელების პროცესში არის საქართველოს პარლამენტის მიერ ურთიერთგაგების მემორანდუმის რატიფიცირება.

საკითხის ისტორია:

მაკროფინანსური დახმარება საგანგებო ინსტრუმენტია, რომელიც ევროკავშირმა სამეზობლო ქვეყნებისთვის შეიმუშავა კრიზისებზე საპასუხოდ. ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაწეული დახმარების თანმდევია. მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში სესხების დაფინანსება ხდება კაპიტალის ბაზრებზე ევროკავშირის მიერ სესხების აღების მეშვეობით. ბენეფიციარი ქვეყნებისთვის თანხები ისეთივე ფინანსური პირობებით გაიცემა სესხად, როგორც ევროკავშირისთვის გაცემული სესხები. მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში გაცემული გრანტები ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ევროკომისიამ საქართველოს ახალი მაკროფინანსური დახმარება 2017 წლის სექტემბერში შესთავაზა. ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ეს წინადადება 2018 წლის აპრილში მიიღო.

მაკროფინანსური დახმარების ახალი ფაზა მესამეა 2008 წლის შემდეგ. 2008 წლის ოქტომბერში ბრიუსელში ჩატარებულ დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე ევროკავშირმა 2 მაკრო-ფინანსური დახმარების განხორციელების ვალდებულება აიღო და თითოეული დახმარების ოდენობა 46 მილიონ ევროს შეადგენდა. პირველი ფაზა (მთლიანად გრანტების სახით გაცემული 46 მილიონი ევრო) 2009-2010 წლებში განხორციელდა, მეორე (კვლავ 46 მილიონი – ნახევარი გაიცა გრანტების, ნახევარი სესხების სახით) – 2015-2017 წლებში. მეორე ფაზის ბოლო ტრანში 2017 წლის მაისში გაიცა.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.